სწავლა შტუტგარტის პრისტერსემინარში
სწავლა პრისტერსემინარში ჩვეულებრივ სექტემბრის ბოლო კვირა დღეს იწყება. სწავლა ორ წელს მოიცავს: პირველი წელი არის საბაზისო კურსი, მეორე წელი კი ცოდნის გაღრმავებას ეთმობა. თავის მხრივ ორივე სასწავლო წელი სამ ტრიმესტრად იყოფა. მესამე სასწავლო წელი გულისხმობს პრაქტიკულ წელს ერთ-ერთ თემში. მას ერთვის მოსამზადებელი კურსი მოძღვრად კურთხევისთვის.
საბაზისო კურსი
თეოლოგიურ-რელიგიურ თემებთან ერთად (სახარებები, კრედო, ძველი აღთქმა, საკრამენტმცოდნეობა) საბაზისო კურსში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, როგორც ფილოსოფიური (სქოლასტიკა, გერმანული იდეალიზმი, შემეცნების თეორია და სხვა თემები ანთროპოსოფიიდან), ასევე საბუნებისმეტყველო საგნები (ფერთა თეორია, ბოტანიკა, გეოლოგია და ა.შ.). ევრითმია, პლასტიცირება, ბოტმერ-გიმნასტიკა ხელს უწყობენ სწორ კავშირს საკუთარ სხეულთან და ამის შედეგად ჯანსაღ მიმართებას სამყაროსთან. ძველი ბერძნული ენის გაკვეთილი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, ახალი აღთქმის ტექსტს ორიგინალში ჩაწვდნენ.
ცოდნის გაღრმავების კურსი
მეორე სასწავლო წელს სიმძიმის ცენტრი ზოგადი სწავლებიდან იმ უნარების შეძენისკენ იხრება, რომელნიც საჭიროა მომავალი სამოძღვრო საქმიანობისთვის. კურსის პროგრამაში ძირითადად თემებთან ერთად ისეთ საგნებს ენიჭება დიდი მნიშვნელობა, როგორიცაა რელიგიის პედაგოგიკა, საუბრის წარმართვა, ადამიანთმცოდნეობა, ქადაგება. მათ უნდა განაღრმავონ საბაზისო კურსის შინაარსი. ასევე, სახარებაზე ყოველკვირეული მუშაობა თანდათან სტუდენტის პირადი პასუხისმგებლობის საგანი ხდება.
პრაქტიკული წელი
მესამე სასწავლო წელი პრაქტიკაზეა ორიენტირებული. თითოეული სტუდენტი მარტო მიდის კონკრეტულ თემში, სადაც მან სემინარში შეძენილი უნარების გამოყენება უნდა შეძლოს. ამ დროს ვლინდება ის, თუ რამდენად შეძლებს სტუდენტი, სემინარში გადადგმულ შინაგან ნაბიჯებთან ერთად, სოციალურ სფეროში მოქმედებას.
მოძღვრად კურთხევის მომზადების კურსი
მოძღვრად კურთხევის კანდიდატები დაახლოებით ოთხთვიანი კურსის დროს ემზადებიან საიმისოდ, რომ კურთხევიდან სამი კვირის შემდეგ თემში მუშაობას შეუდგნენ. კანდიდატის მოსამზადებელ კურსში მიღების საკითხს წყვეტს შვიდეულთა წრე, რომელიც ქრისტიანთა თემის ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს.






